კახეთის წყლის რესურსების მართვის სისტემის საფუძვლის შექმნა

გრანტის ნომერი: AR/121/9-180/13

სათაური: კახეთის წყლის რესურსების მართვის სისტემის საფუძვლის შექმნა

დამფინანსებელი:შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

პროექტის დაწყებისა და დამთავრების თარიღები: 04.04.2014-04.04.2016

პროექტის ხელმძღვანელი: ვახტანგ გელაძე

ძირითადი პერსონალი: ვახტანგ გელაძე, ნანა ბოლაშვილი, თამაზ ყარალაშვილი, ნინო მაჭავარიანი, დავით ქართველიშვილი, ნინო ჩიხრაძე, გიორგი გელაძე

ანოტაცია

წყალი  გარემოს  ერთ-ერთ  მნიშვნელოვან  ელემენტს  წარმოადგენს, რაც  აუცილებელია  ყველა ცოცხალი   ორგანიზმის, მათ   შორის   ადამიანის   არსებობისათვის.   ეს   უძვირფასესი, „21-ე საუკუნის   პრიორიტეტული   რესურსი“, მართალია   აღდგენად   კატეგორიას   მიეკუთვნება, მაგრამ  არასწორი  ექსპლუატაციის  შემთხვევაში  იგი  შეიძლება  სრულიად  უვარგისი  გახდეს. მიწის  ნებისმიერი  სამუშაო, ტყეებისა  და       ქარსაცავი  ზოლების  გაშენება-გაჩეხვა დაკავშირებულია  ტერიტორიის  წყლის ბალანსის სტრუქტურის  შეცვლასთან. საკვლევ   რეგიონად   შერჩეულია   კახეთი,  მისი  ფართობია  12,2  ათასი  კვ.კმ. იგი მდიდარია  ნაყოფიერი  მიწებით  და  საძოვრებით. არის  ქვეყნის  მევენახეობისა  და მემარცვლეობის  წამყვანი  რეგიონი. კახეთი  გამოირჩევა  საქართველოში  წყლის  რესურსების დეფიციტით,  მოიცავს  ივრისა  და  ალაზნის  მდინარეთა  აუზებს. ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვებები  იწყება მეოცე ს აუკუნის 20–იანი წლებიდან. კახეთის ტერიტორიაზე  სხვადასხვა დროს მოქმედებდა 40–მდე ჰიდროლოგიური სადგური. დღეისათვის ფუნქციონირებს მხოლოდ ერთი სადგური (მდ.ალაზანი– სადგ. შაქრიანი). მისი დაკვირვების პერიოდი იწყება 1925 წლიდან. სხვა სადგურებზე არსებული დაკვირვების რიგი 25–30 წლიანია. აქ  2000-ზე  მეტი მდინარეა,   რომელთა   დიდი   ნაწილის  სიგრძე   (95  %)   10  კმ-ს   არ   აღემატება. მდინარეთა ქსელის  სიმჭიდროვე  შეადგენს  0,45  კმ/კმ2-ს.

წყალმცირე  პერიოდებში  ხშირად  ჩამონადენი  ეკოლოგიურ  ნორმაზე   დაბალია. რეგიონში ადგილი აქვს წყლის რესურსების არარაციონალურ ხარჯვას და არამიზნობრივ გამოყენებას. რეგიონი  ასევე  წარმოადგენს  გაუდაბნოებისადმი  მგრძნობიარე-მოწყვლად  ტერიტორიას, რაც კიდევ   უფრო   ამწვავებს   მტკნარი   წყლის   პრობლემას, და   სავარაუდოდ, გამოიწვევს   ამ რაიონებიდან  მოსახლეობის  მიგრაციას. პროგნოზის თანახმად (საქართველოს მე–2 როვნული შეტყობინება კლიმატის ჩარჩო კონვენციისათვის, 2009) 21–ე ს–ის დასასრულისათვის კახეთის  

სამხრეთ  ნაწილში  მოსალოდნელია  ჰიდროთერმული  კოეფიციენტის  მნიშვნელობის  1,1–დან 0,7–მდე  შემცირება.  რაც  რეგიონის  კლიმატს  მშრალი  სუბტროპიკებიდან    ძლიერ  არიდულ კატეგორიაში გადაიყვანს. გავლენა მეტნაკლებად გავრცელდება კახეთის მთელ ტერიტორიაზე. კლიმატის მიმდინარე ცვლილების ფონზე აღნიშნული პროცესის შერბილებისა და შეგუების ერთ–ერთი ყველაზე რეალური ქმედითი ღონისძიებაა მართვად წყალმოხმარებაზე გადასვლა წყლის რესურსების რაციონალური გამოყენების მიზნით.

კახეთის რეგიონი გამოირჩევა წყლის რესურსების დეფიციტით. ხშირად, არსებული რესურსები გამოიყენება არამიზნობრივად და არარაციონალურად. პროექტის ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენდა მართვად წყალმოხმარებაზე გადასვლის მიზნით წყლის დეფიციტის ან სიჭარბის შეფასება მის მოთხოვნილებასთან მიმართებაში. კვლევის ფარგლებში, ამ ამოცანის შესრულება ძირითადად დაეფუძნა მონაცემების (წყლის რესურსები; წყალმოხმარება; ჰიდრომეტეოროლოგიური; დემოგრაფიული და სხვ. მონაცემები) ანალიზს. თუმცა, წყალმოხმარებასთან დაკავშირებული რეალური სურათის აღწერისათვის დადგა აუცილებლობა, შეგვესწავლა უშუალოდ მოსახლეობის დამოკიდებულება წყალმოხმარების საკითხებთან მიმართებაში.            კახეთის წყლის რესურსების გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემა შეიქმნა საქართველოს 1:200000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის საფუძველზე. შეგროვდა და მონაცეთა ბაზებში ჩაიტვირთა სხვადასხვა ლიტერატურულ წყაროებსა და საფონდო მასალებში არსებული მონაცემები და ინფორმაცია (გარემოს ეროვნული სააგენტოს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის  და სხვ. პერიოდული გამოცემებიდან). ლიტერატურულ მასალებში არსებული მონაცემებისა და საირიგაციო სისტემების მდგომარეობის  დასაზუსტებლად და გასაახლებლად ჩატარდა საველე კვლევები რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში. მოეწყო შეხვედრები როგორც მუნიციპალიტეტის გამგეობაში გამგებელსა და ცალკეული სამსახურების ხელმძღვანელებთან, ასევე ადგილობრივ მოსახლეობასთან.  ჩატარდა მოსახლეობის სოციოლოგიური გამოკითხვა. კვლევა ორიენტირებული იყო ძირითადად სასოფლო სამეურნეო საქმიანობით დაკავებული პირების გამოკითხვით, რადგან კვლევის ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენდა სარწყავი წყლის წყალმოხმარებაში არსებული პრობლემების გამოკვეთა. თუმცა, კვლევაში მონაწილეობა მიიღეს იმ პირებმაც, რომლებიც მხოლოდ კომუნალურ და სასმელ წყალს მოიხმარენ. კვლევის ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენდა ასევე სასმელი წყლის ხარისხის შეფასება. კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ კახეთის  სოფლებში ადგილი აქვს სასმელი  და სარწყავი წყლის მწვავე დეფიციტს.